საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ,,ფილოსოფია 105’’ გახსნა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში შალვა ნუცუბიძის ბიუსტი გაიხსნა.

 

  კონფერენციას, რომელიც სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დაარსებიდან 105 წლისთავს მიეძღვნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი დემურ ჯალაღონია, პროფესორები, სტუდენტები, შალვა ნუცუბიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ შალვა ნუცუბიძისა და სხვა ქართველი ფილოსოფოსების ღვაწლზე ისაუბრა, რომლებმაც მსოფლიო ფილოსოფიურ აზროვნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. „შალვა ნუცუბიძის ბიუსტის გახსნით, ჩვენ პატივს მივაგებთ დიდ მეცნიერებს, ადამიანებს, რომლებზეც დგას უნივერსიტეტი. შალვა ნუცუბიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, ასევე, ჩვენი ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელი, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე. მისი სახელი ცნობილია მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. რექტორის თქმით,  შალვა ნუცუბიძის 1926 წელს გამოცემული ნაშრომი გერმანიაში რამდენიმე თვის წინ ხელახლა დაიბეჭდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნაშრომები დღესაც  აქტუალურია და ერთი საუკუნის შემდეგაც ევროპული ფილოსოფიური სკოლები იყენებენ მას.

 

შალვა ნუცუბიძის შვილმა თამარ ნუცუბიძემ მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, სამეცნიერო საზოგადოებას შალვა ნუცუბიძის და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ დაფასებისთვის.

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით  იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. იუნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან  ყოველწლიურად ტარდება ,,ფილოსოფიის დღე”.

 

ორდღიანი კონფერენციის მიზანია სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თანამედროვე ფილოსოფიურ აზროვნებაში; ფილოსოფიის დარგების, მეტაფიზიკის, ონტოლოგიის პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკისა და ზნეობის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის  და სხვ. მიმართულებით; საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევრების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება; პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.

თარიღი: 16/11/2023